ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან. ევროპარლამენტის დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა შეკითხვები. ევროპარლამენტარები აცხადებენ იმასაც, რომ ქვეყანამ უნდა აიცილოს თავიდან ისეთი საქმეები, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ეჭვი შერჩევით სამართალზე.
„ყველგან უნდა იყოს თავიდან აცილებული შერჩევითი სამართალი. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც პრობლემას ვხედავთ. ბოლო წლებში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ამ საკითხში მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაც სწორედ ამის ნაწილია,“ - განაცხადა ელმარ ბროკიმ.
ევროპარლამენტარი იარომირ შტეტინა კი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ და ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავეებად წარმოჩენა დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა ხდებოდეს.
"ვანო მერაბიშვილი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეების დამნაშავეებად წარმოჩენა დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში კი ასე მოექცნენ ყოფილ მინისტრს და პრეზიდენტსაც კი. მე არ ვარ მოსამართლე, მაგრამ ვიცი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დამნაშავეებად გამოყვანა და მათი დაპატიმრება არადემოკრატიული ქვეყნების ჩვევაა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა იარომირ შტეტინამ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს. ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეებზე.