ქობულეთი-ხუცუბნის გზაზე ასწლოვანი ევკალიპტები იჩეხება. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანად გამზადებული ხეებია. ხუთი ხე უკვე გამზადებულია ტრანსპორტირებისთვის და ისინი სწორედ იმ გზით უნდა გადაიტანონ, სადაც ხეები იჩეხება. კომპანიის წარმომადგენლების ნაწილი, რომლებიც ხეების გაჩეხვის პროცესს აწარმოებს, მედიასთან განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა ნაწილი ადასტურებს, რომ ხეების გაჩეხვის ნებართვა მათ ქალაქის მერიისგან მიიღეს.
„დამავალეს და ვაკეთებ, მეტი არ ვიცი სოფლის გამგებელმა დამავალა, ანუ სახელმწიფომ მოაჭრევინა და მე გამოვართვი შეშად,“ - აცხადებს ერთ-ერთი მუშა.
ევკალიპტების გაჩეხვას აპროტესტებს ოპოზიცია.
„ხელთ მაქვს ინფორმაცია, რომ ნებართვა გაცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის მიერ, სადაც ლაპარაკია, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ეს ფაქტი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს, რომ მის მიერ შეძენილი ხეები უსაფრთხოდ გადაადგილდეს მის სამფლობელოში,“ - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს "ენმ"-ის წევრი ლელა ბერულიძე.
ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქობულეთის მერიაში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევკალიპტების გაჩეხვას არანაირი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესთან და ხეების მოჭრა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა ქობულეთი-ხუცუბნის გზის გასწვრივ მდებარე ხეების შესწავლა. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის სეზონი მოახლოებულია და ამ მონაკვეთზე არის ინტენსიური მოძრაობა, როგორც საავტომობილო, ისე ფეხით მოსიარულეთა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს აღნიშნული ხეების გადაბელვა,“ - აცხადებს ქობულეთის მერის პირველი მოადგილე სულხან მოწყოველი.
ავტორები: სოფო ჭულუხაძე