აქცია იმართება ამ წუთებში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან. თბილისსა და რეგიონებში საკაბელო ოპერატორები მოუწოდებენ მარეგულირებელს, შეასრულონ ვალდებულება და დაარეგულირონ ურთიერთობა ტელეკომპანიებსა და ოპერატორებს შორის.
40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა დღეიდან 6 ქართული არხი უნდა გათიშოს.
“მარეგულირებელი კომისია თავის ფუნქციას ვერ და არ ასრულებს. 6 თვის მანძილზე ერთი შეხვედრა, არცერთი გამოხმაურება, ჩვენ წერილებზე პასუხგაუცემლობა, ვთხოვდით ჩვენ, რომ მოდით გავიაროთ ეს ყველა საკითხი, მაგრამ არავითარი, ყოველ შემთხვევაში იმის გარდა, რომ ყველაფერი მიდის კანონით, ამის მეტი მარეგულირებელ კომისიას არაფერი არ გაუკეთებია. ესენი თვლიან, რომ ყველაფერი მიდის კანონის ფარგლებში, ჩვენ ვთვლით, რომ არ მიდის ყველაფერი კანონის ფარგლებში, იმდენად რამდენადაც არ შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტი ვიღაცისთვის იყოს ფასიანი ვიღაცისთვის უფასო“ - განაცხადა შპს ”ნიუკომის” დირექტორმა ზაზა აგლაძემ.
საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი, შპს ”დაკას” წარმომადგენლის კახაბერ დამადაძის თქმით, უამრავი წერილის მიუხედავად, მათ შეხვედრა არ დაუნიშნავთ.
“6 თვეა დავა მიდის კომპანიებს და სატრანზიტო ოპერატორებს შორის, ამ 6 თვის განმავლობაში ამდენი წერილის მიუხედავად, ერთი შეხვედრაც არ დაუნიშნავს. ჩვენ კი არ გაგვიძვირა, აბონენტს უძვირებს, თორემ ჩვენ ფულს არ ვიხდით, ჩვენ ფულს მივდივართ, თუ მოითხოვა თანხა აბონენტი გადაიხდის,“ - აღნიშნა კახაბერ დამადაძემ.