22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული საედ დუდაევის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახმედ ჩატაევს. იმედა ქარქაშაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას დაკავებულთან საუბარი არ ჰქონია.
„მე არ მინახავს სადაც დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი ახმედ ჩატაევია, თუნდაც ასეც რომ იყოს, კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ იმას, ეს პიროვნება როდის არის დაკავებული და სპეცოპერაცია როდის არის ჩატარებული. ახმედ ჩატაევს იცნობს თუ არ იცნობს ვერ დავადასტურებ, არც მიკითხავს, სიმართლე რომ გითხრათ. ამ თემაზე არ გვისაუბრია და აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ, იცნობს თუ არ იცნობს. საუბარი არ გვქონია, ბოლოს როდესაც ვნახე, ბუნდოვანი იყო ინფორმაცია მაგის თაობაზე. სავარაუდოდ, მომავალ კვირას, როდესაც შევალ, დაველაპარაკები,“ - აცხადებს ადვოკატი იმედა ქარქაშაძე.