18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
"სისტემატურად არ ტარდება ჩხრეკა" - №1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი მოსწავლეებში იარაღის ქონას ვერ გამორიცხავს

თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სასწავლო პროცესი არასტანდარტულ ვითარებაში განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში დილიდან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

სკოლის დირექტორმა დღეს დაადასტურა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ორივე არასრულწლოვანი პირველი სკოლის მოსწავლეა. ხათუნა ბარაბაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრალდებული, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება, მკვლელობის დღეს არ დასწრებია გაკვეთილებს.

რაც შეეხება კითხვას - შეიძლებოდა თუ არა მოსწავლეებს ცივი იარაღი ჰქონოდათ, ბარაბაძე იარაღის ქონის ფაქტს არ გამორიცხავს. მისი ინფორმაციით, იმ დღეს სკოლაში ჩხრეკა არ ჩატარებულა.  

„სისტემატურად რა თქმა უნდა, არ ტარდება ჩხრეკა. ჩხრეკა ტარდება დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში და ჩვენ ასეთი ეჭვი არ გვქონია. არ ჩაგვიტარებია ჩხრეკა და როგორ გითხრათ, თუმცა პერმანენტულად მიმდინარეობს ასეთი პროცესები. 100%-ით როგორ გამოვრიცხოთ რამე. არ იმყოფებოდა ის იმ დღეს სკოლაში. არ შეგვიმჩნევია არასდროს აგრესია. ადამიანი, რომელიც ასეთ არაადამიანურ ქმედებას ჩაიდენ, არ შეიძლება განიხილებოდეს როგორი იყო, რანაირი იყო, არ გვაინტერესებს ეს. ფაქტი მოხდა, საშინელი ფაქტი ჩაიდინეს,“ - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და დაპირისპირებაში მონაწილე პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღეს №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ფსიქოლოგებიც ხვდებიან. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა სკოლაში არსებული პრობლემების კონფლიქტის გარეშე აღმოფხვრა და პრევენციული ღონისძიებებია.

„ძირითადი თემა იყო უსაფრთხოებისთვის, პრევენციისთვის ისევ და ისევ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ გაუაზრებელ ქმედებას და განვიხილეთ კიდევ ერთხელ, რომ წამოჭრილი პრობლემა არ შეიძლება ქუჩური მენტალიტეტით გადაიჭრას.

"გადმოგცემთ მოსწავლეების გულისტკივილს. ყველა ძალიან განიცდის, ყველა წუხს, ყველა უთანაგრძნობს, მაგრამ ცარიელი სიტყვები რას უშველის ვინმეს რამეს. მე მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, ყველას რომელსაც ირიბად ან პირდაპირ აქვს შეხება ამ საქმესთან ითანამშრომლონ რაც შეიძლება აქტიურად. ითანამშრომლონ რადგან ყველა დეტალი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს ბარაბაძე.

ავტორები: თაკო სურგულაძე

დღის ამბები