51-ე სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც შოკურია - პირველ განცხადებას მოსწავლეებთან გასაუბრების შემდეგ ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი აკეთებს. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი დღეს 51-ე სკოლაში იმყოფებოდა.
ლევან ზარდალიშვილი “კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფსიქოლოგების მუშაობა შედეგს დაახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ გამოიღებს.
„ასეთი რაღაც როცა ხდება, პირველი ერთი კვირა ჩათვალეთ, რომ ბავშვებიც და პედაგოგებიც არიან შოკის მდგომარეობაში. ასეთი აქტიური ჩარევა ფსიქოლოგების მხრიდან ამ წუთში ასე არ გამოვა. ჩვენ კი ჩავერთვებით იქით კვირიდან, მაგრამ რეალური მუშაობა რასაც ჰქვია სამი ოთხი კვირის მერე მოგვცემს შედეგს. იმიტომ, რომ მანამდე ეს ბავშვები ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვლენ.
"სკოლის ფუნქცია ცოტა უნდა გაძლიერდეს. სკოლის აღმზრდელობითი ფუნქცია, ეს ერთი. მეორე - უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში,“ - განაცხადა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან ლევან ზარდალიშვილმა.
მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე პროკურატურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს სკოლაში პნევმატური იარაღი ჰქონდათ. ლევან ზარდალიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბავშვებმა მითხრეს, ვინც ნახა ეს იარაღი, არ იყო ეს პნევმატური იარაღი, იყო სათამაშო იარაღი. პნევმატური იარაღი ცოტა სხვა რაღაც არის, პნევმატური იარაღია ტირში რომ ისვრიან, რკინის ბურთულებს რომ ისვრის, ეს იყო რაღაც პლასტმასის პისტოლეტი, მაგრამ გამკაცრებაში გააჩნია რას იგულისხმება. მანდატურის ფუნქციის წინ წამოწევა - მანდატურს ისედაც არ აქვს ცოტა ფუნქციები,“ - აცხადებს ლევან ზარდალიშვილი.
დილიდან 51-ე საჯარო სკოლის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. უშუალოდ მოსწავლეებთან კი, ფსიქოლოგები მუშაობენ.