51-ე სკოლის მოსწავლეები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ მოზარდებს სკოლაში პნევმატური იარაღი ჰქონდათ. როგორც ისინი „კურიერთან“ საუბრისას ჰყვებიან, არსებული ინფორმაციით, იარაღი სათამაშო იყო.
„არის ასეთი ვერსია, მაგრამ მაგას ვერავინ ვერ დაგიდასტურებთ. ნახვით არ გვინახავს, მაგრამ ამბობენ ასეთ რაღაცას. პნევმატური არა, სათამაშო პლასტმასის იარაღი, რასაც პატარა ბავშვები ყიდულობენ, ომობანას რომ თამაშობენ, პლასტმასის ტყვიებით,“ - განაცხადეს 51-ე სკოლის მოსწავლეებმა „კურიერთან“ საუბრისას.
სკოლაში დისციპლინის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ მოსწავლეების მშობლები. მათი განცხადებით, აუცილებელია ვითარების სწორად გაანალიზება და დამნაშავეთა დასჯა, რათა მომხდარს გაგრძელება აღარ მოჰყვეს.
„იდეალურად ვერ იქნება, აქ რამდენი ბავშვი სწავლობს. მე არ მჯერა მაგ ყველაფრის, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამ სკოლაში იარაღით შევიდა ვინმე იმიტომ, რომ მე დაცვასაც კი არ გამოვუშვივარ გარეთ, სანამ სასწავლო ნაწილთან არ შეუთანხმებია. ყველა დაისაჯოს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. რომ ხვალ ჩვენს შვილებს ისევ არ მოადგნენ. იმიტომ, რომ ისინი მოვიდნენ დანებით, იმათმა დაჩეხეს ბავშვები,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
დილიდან 51-ე საჯარო სკოლის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. უშუალოდ მოსწავლეებთან კი, ფსიქოლოგები მუშაობენ.