პროკურატურასთან რამდენიმე პატიმრის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომელთა ნათესავები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობენ. ეს პატიმრები ამ დროისთვის უკვე ციხის საავადმყოფოში არიან გადაყვანილბი. საქმე ეხება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების რამდენიმე შემთხვევას, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, თუმცა, ძიება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
პროკურატურასთან დღეს შეკრებილი ადამიანები პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ, რომელიც მათი ნათესავების დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა.
დაჩი ფელდმანის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი პოლიციელების დასჯას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
ნუგზარ ქავთარაშვილის ადვოკატი, ლალი ბუნტური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნავს, რომ ქავთარაშვილს სუს-ი ლაფანყურთან დაკავშირებული ინფორმაციის თქმას სთხოვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქავთარაშვილი აღნიშნავს, რომ აქვს გარკვეული ინფორმაცია ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ორი ბიძაშვილი გარდაიცვალა იქ, არ აქვს სურვილი, ითანამშრომლოს სუს-თან,“ - განაცხადა ადვოკატმა.