განზრახ მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო ამ წუთებში განიხილავს. განცხადება გააკეთა ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომლის ვარაუდითაც, არსებობენ მოწმეები, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ჩვენებას არ აძლევენ.
„არსებობენ მოწმეები, რომლებიც სავარაუდოდ, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, ვიფიქროთ, რომ არ არიან გულწრფელები და დეტალურ ჩვენებას არ აძლევენ გამოძიებას, ჩვენი აზრით. საგამოძიებო ორგანო მუშაობს, ჩვენც პარალელურად ვმუშაობთ და დავადგენთ სიმართლეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველის შეფასებით, აუცილებელია ყველა გამოძიებას დაელოდოს.
„არავინ აპირებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირზე ხელის დაფარებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე, ყველა დაისაჯოს იმ დოზით, იმ დონით, თუ რა დოზითაც მას აქვს დანაშაული ჩადენილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებს კონკრეტულ ფაქტზე მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ისეთი დაზიანებები აქვს გარდაცვლილს მიყენებული, რომ ჩემი აზრით, ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო, ყველა ამ ჭრილობას მას ვერ მიაყენებდა. თვითონ ისიც ამბობს, რომ მე მხოლოდ ერთხელ მოვიქნიე დანა და ეს ჭრილობები მე არ მიმიყენებიაო,“ - განაცხადა ადვოკატმა.
სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში გუშინ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სულ 5 პირი მიეცა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა თენგიზ კალანდიას და მისი ორი შვილის დაკავება სამართალდამცველებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, რადგან კალანდიას ერთი შვილი არასრულწლოვანია.
ხოლო მეორე, 21 წლამდე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, დამატებით განმარტებები გააკეთა, გუშინ პოლიციაში ჩაბარებული ბრალდებული მოზარდის ადვოკატმა.