შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები და სამუშაო გეგმები, შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს შეერთებული შტატების ელჩს გააცნო. გიორგი გახარია სამინისტროს რეფორმას 3 ძირითადი მიმართულებით გეგმავს - საპატრულო, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა.
დაგეგმილია ასევე სპეციალური ტრენინგები, თანამშრომლების კვალიფიკაციის და სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.
„შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის გატარებასაც ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება შეერთებული შტატებიც, რომელიც ქართულ მხარეს დახმარებას გაუწევს. მათ შორის, ამერიკელი სამართალდამცავი უწყებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კუთხით, გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორც სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ სამინისტროს ვთავაზობთ, ასევე, მიმდინარე პროექტებზე. ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს და ქართველი ხალხის საჭიროებებს ამომწურავად პასუხობდეს. შესაბამისად, მე მზად ვარ, განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა, ამ მიმართულებით,“ - განაცხადა იან კელიმ.