უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას, რომელიც იური ლუცენკომ უკრაინის რადაში ცოტა ხნის წინ გააკეთა, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები და პარტიის წევრები ეხმაურებიან.
ლუცენკო იმედგაცრუებულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავება ვერც გუშინ და ვერც ღამით ვერ შეძლო. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც სააკაშვილი დასაკითხად მიჰყავდათ, კანონის თანახმად ცეცხლი უნდა გაეხსნათ.
„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, პოროშენკო ცდილობს ძალის დემონსტრირებას. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ დღეს იქნება მეორე მცდელობა სააკაშვილის დაპატიმრების და ამჯერად, უფრო დიდი ძალებით შეეცდება უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ექსპრეზიდენტის აყვანას.
„დილას იყო მცდელობა დარბევის. დაახლოებით ორას კაციანი ჯგუფი შემოვიდა. ჩვენმა მომხრეებმა და მეგობრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, მოიგერიეს. ამით დამთავრდა ღამის შეტევა, მაგრამ ალბათ იქნება მზადება უფრო დიდი შეტევისთვის და იერიშისთვის. უნდათ დაშინება, მაგრამ ამ კატეგორიის და ამ სულისკვეთების ხალხის შეშინება სისხლის სამართლის საქმით ან პოლიციის ძალებით არის ფაქტიურად შეუძლებელი. ამით უფრო მეტად გააბრაზებენ ხალხს,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.