ცეცხლის ქრობის სამუშაოები გუმათჰესში გრძელდება. თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე აფეთქების საფრთხე აღარ არსებობს. ცეცხლმოკიდებული ტრანსფორმერებიდან ზეთი გამოუშვეს, რამაზ აფეთქების საფრთხე გაანეიტრალა. განხორციელდა თანამშრომელთა ევაკუაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.