დედაქალაქის ნაწილისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება. ვარკეთილსა და დიდ დიღომში ბუნებრივ აირში უკვე 5 თეთრით მეტს იხდიან. დიდ დიღომში ბუნებრივ აირის გაძვირების გადაწყვეტილება ამ რაიონის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მიიღო. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ უკვე თვეებია, ისინი „ყაზტრანსგაზიდან“ 3 თეთრით გაძვირებულ აირს იღებენ, რამაც რაიონის გაზგამანაწილებელი კომპანია რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე დააყენა და ზარალი უკვე 100 ათას ლარზე მეტია.
გაზი 5 თეთრით უძვირდება ვარკეთილის მოსახლეობასაც. „ვარკეთილაირის“ დირექტორი ამბობს, რომ ბუნებრივ აირს „ყაზტრანსგაზიდან“ ასევე გაძვირებული ფასით ყიდულობს, მოსახლეობისთვის კი უცვლელი ტარიფით მიწოდებამ კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.
რაიონული გაზგამანაწილებელი კომპანიის ბრალდებებს დღეს „ყაზტრანსგაზში“ უპასუხეს, სადაც ამბობენ, რომ აირის ღირებულება არ გაზრდილა და მხოლოდ გაზის ტრანსპორტის საფასურმა მოიმატა.
„ყაზტრანსგაზიდან“ ბუნებრივი აირს დედაქალაქის მომარაგების მიზნით სულ 5 გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს. ორ მსხვილ ნაწილში ტარიფის ზრდის შესახებ ინფორმირებულია სემეკი, სადაც დღეს დაადასტურეს, რომ ვარკეთილის და დიდი დიღომის გარდა, ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას სხვა გამანაწილებელი კომპანიებიც გეგმავენ.
„გაზგამანაწილებელი“ კომპანიები კი საკითხში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.