ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას აუდიტის სამსახური ამოწმებს. მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლები სკოლაში მოსწავლის მშობლის წერილის საფუძველზე შევიდნენ, რომელიც სკოლაში რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებდა.
წერილში საუბარია, რომ პედაგოგები, რომლებიც პარალელურად რეპეტიტორები არიან, მოსწავლეებს სკოლის პარალელურად ამზადებენ, რაც სასწავლო პროცესს ხელს უშლის.
განცხადების ავტორი ლელა თოლორდავა სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსაც ესაუბრა.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის თქმით კი, მას აუდიტის სამსახურის სკოლაში შესვლის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
“თქვენგან ვგებულობ, რომ გუშინ ჩამოსული იყო აუდიტის სამსახური და შესული იყო სკოლაში. ვიკითხე სკოლაში, მართლაც აღმოჩნდა, რომ ასე არის, რომელიც დაკავშირებული იყო ერთ-ერთი მშობლის წერილთან და გუშინვე მორჩა ეს საკითხი. აუდიტის წარმომადგენლები წავიდნენ კმაყოფილები, არ არის აღმოჩენილი რაიმე დოკუმენტი და შეიძლება გაგრძელდეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევები,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.