გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სპეცოპერაციიდან 17 დღის შემდეგ, კრიმინალისტები საცხოვრებელ კორპუსში დასუფთავების და სპეციალური ლაბორატორიის ჯგუფებმა ჩაანაცვლეს. როდის დაბრუნდებიან ადგილობრივები საკუთარ სახლებში, ეს სწორედ ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
მოსახლეობის განცხადებით პირველი, მეორე და მესამე სართულები დანგრეულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.
“პირველი, მეორე, მესამე სართული არის საშინელ მდგომარეობაში. კედლები თითქმის ყველგან დამტვრეულია, ფანჯრები აღარ არსებობს, აღარც შიგნით კედლები. დამწვარია ორი სართული,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა თბილისი მერმა კახა კალაძე. მან მერიისგან დაზარალებულებისთვის ერთჯერადად გამოყოფილ 500 ლარზეც ისაუბრა.
“თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას, ისნის გამგეობას, ამ ადამიანებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. რაც შეეხება 500 ლარს, ეს თანხა იყო გამოყოფილი, 2 ოჯახი იყო თუ 3, ვისაც კონკრეტულად საცხოვრებელი ფართი დაეწვა და რაც კი გააჩნდათ, ელემენტალური ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მათ ყავდათ მცირეწლოვანი შვილები და იმისთვის, რომ თავიანთი პატარებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ, იმისთვის იყო გამოყოფილი, ეს თანხა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ხარჯს თავის თავზე ვიღებთ ჩვენ. როდესაც ჩვენ გვექნება დასკვნა, აუცილებლად დავიწყებთ სამუშაოებს, თუ ამის საშულებას მოგვცემს დასკვნა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.