06 დეკემბერი 2024,   08:19
ვრცლად
მე-18 დღე ისნის სპეცოპერაციიდან - გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებმა ბინებში შესვლა პირველად შეძლეს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებმა სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სახლებში შესვლა პირველად შეძლეს. საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელს ამ დრომდე საპატრულო პოლიცია იცავს. 

სპეცოპერაციიდან მე-18 დღეს კრიმინალისტების მუშაობის შემდეგ სპეცოპერაციის ადგილზე მუშაობა მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაიწყეს. ექსპერტებმა საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესახებ შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადონ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მეცხრე კორპუსის ნახევრად დანგრეულ სართულებს დილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ რამდენიმე ბრიგადა ასუფთავებს. სამსახურის წარმომადგენელი „კურიერთან“ ყვება, რომ ყველაზე მძიმე ვითარება კორპუსის პირველ და მეორე სართულებზე მდებარე დუპლექსის ტიპის ბინაშია.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამო ამ დრომდე ევაკუირებულია 25 ოჯახი. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი დახმარება დაზარალებული 8 ოჯახის 35 წევრზე გადანაწილდა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დადებს მუნიციპალური ლაბორატორია დასკვნას კორპუსის მდგრადობის შესახებ. დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ გაირკვევა, როდის დაბრუნდებიან და დაბრუნდებიან თუ არა საერთოდ, ადგილობრივები საკუთარ სახლებში.

ამავე თემაზე
დღის ამბები