საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ჯანაშია, მიღებული შედეგების ბათილად ცნობა ითხოვს. მას მიაჩნია, რომ გუშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაყალბდა.
„ფაქტია, რომ ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა. დაფიქსირდა ძალიან ბევრი არასწორი ბიულეტენი, დაფიქსირდა ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, სადაც კომისიის წევრებს ბიულეტენები ეწყოთ და დაფიქსირდა ის ფაქტები, რომ ეს ბიულეტენები შემოხაზული იყო ბატონი დავით ასათიანის სასარგებლოდ.
"ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი რაოდენობა უნდა მიიღოს ხმების კანდიდატმა იმისთვის, რომ პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვალოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში მე ვერ შევაფასებ, დგას თუ არ დგას დღის წესრიგში მეორე ტურის აუცილებლობა, ვინაიდან ეს დარღვევები, რომელზედაც საუბარია, არის გამოსაკვლევი და იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები საბოლოო ჯამში დადასტურდება, რაც ჩვენ ვთვლით, რომ დადასტურებულია, ასეთ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს მთლიანად არჩევნების ბათილობის საფუძველი,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ჯანაშიამ.
დღეს უნდა გახდეს ცნობილი, დაინიშნება თუ არა მეორე ტური ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად.
ლევან ჯანაშია, თავმჯდომარეობის კანდიდატები და სხვა ადვოკატები საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას გეგმავენ, სადაც, მათი თქმით, ვიდეომასალას წარადგენენ და სხვადასხვა მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება, რომ გუშინ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და დავით ასათიანს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, არ მიუღია ხმების ის რაოდენობა, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა.