18 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
უნებართვო მშენებლობები - ზედამხედველობის სამსახური სპეცტექნიკით კაპანაძის 4 ნომერში გამოჩნდა 

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სპეცტექნიკით კაპანაძის 4 ნომერში იყო მობილიზებული. მიზეზი, უნებართვო მშენებლობების დემონტაჟია. სულ ამ ქუჩაზე არალეგალურად აშენებული 8 ერთსართულიანი სახლის დემონტაჟია დაგეგმილი, რომლებიც წლების წინ სოციალურად დაუცველებმა თვითნებურად ააშენეს.

მაცხოვრებლები მერიას ან ფართების გაფორმებაში დახმარებას, ან საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთოხვენ, რადგან მათი თქმით, სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ.

ადგილობრივები წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ გაცემულ დაპირებებზეც საუბრობენ. მათი თქმით, პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი და საკრებულოს მაშინდელი დეპუტატი რიმა ბერაძე სახლების დაკანონებას დაჰპირდნენ.

„გვპირდებოდნენ დაკანონებას, დამტკიცებას, ამ ფართობის შესყიდვას, მაგრამ ჯერჯერობით არავინ აღარ ჩანს, ვინც გვპირდებოდა, არავინ აღარ ჩანს. ბატონი ვოლსკი იყო არჩევნების წინ სანამ ავირჩევდით დ ასევე ქალბატონი რიმა ბერაძე. გვეუბნებოდნენ, რომ დაგიმტკიცებთ, კალაძეს შეგახვედრებთ,“ - განაცხადა ვაჟა ბათირაშვილმა.

მოსახლეობა დემონტაჟის დაწყებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ადგილობრივებმა თანხმობის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და საქმე სასამართლოში გაგრძელდება. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კაპანაძის ოთხი ნომერი უკვე დატოვა. ადგილიდან გატანილია სპეცტექნიკაც. 

„ამ ხალხმა, შვიდივე მოსახლემ, არ მიმართა არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას იმ იმედით, რომ რიმა ბერაძე აუცილებლად შეასრულებდა დადებულ პირობას ამ ხალხთან და გადასცემდა სიმბოლურად ამ სახლებს ერთ ლარში. მოულოდნელად მოდის დღეს ზედამხედველობის სამსახური და ახდენენ სახლის დემონტაჟს. მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ მოხდეს სახლების დემონტაჟი, მოუწერეს ხელი, რომ არ არიან თანახმა და შემდეგ ეს საქმე გაგრძელდება სასამართლოში," - აცხადებს ადვოკატი ხათუნა ხურცილავა. 

დღის ამბები