სასამართლოების გადატვირთულობისა და დავების გაჭიანურების პრობლემაზე იმსჯელეს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. საკითხი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა დააყენა და კოლეგებს კონკრეტული ინიციატივით მიმართა.
ის ფიქრობს, რომ საქმეების დროულად განხილვის კუთხით სასამართლოში კრიზისია და მოქალაქეებს სამართლიანობის მიღწევისა და დავების განხილვისთვის ლოდინი წლობით უწევთ.
მჭედლიშვილმა სხდომაზე სამხარეო სასამართლოს შექმნის ინიციატივა დააყენა, თუმცა კოლეგებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
„ჩვენ თუ გვინდა გამოსავალი და სწორი გადაწყვეტილება მოვძებნოთ, აუცილებელია ამ მიზეზების შესწავლა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების შესწავლა და უფრო ფართო ხედვით შევხედოთ ამ საკითხს. ჩვენ საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების გზით ვერ დავძლევთ ამას, საჭიროა სისტემური, ფუნდამენტალური ცვლილებები,“ - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.
ვახტანგ მჭედლიშვილის ინიციატივას უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
„ბატონი ვახტანგის რეკომენადაცია, რომ შეიქმნას ე.წ. სამხარეო სასამართლოები, სადაც დაახლოებით 60 მოსამართლე უნდა დასაქმდეს, ამ ნაწილში გვაქვს ცოტა აზრთა სხვადასხვაობა,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.