თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. დაგეგმილია ქალაქის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარშრუტის მოწყობაც. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონი ლარია და მას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.
„აქ აშენდება ავტო სადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობის რესტავრაცია-გამაგრება. ეს პროექტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი კონცეფციის, რომელიც მთლიანად ძველი ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს,“ - აღნიშნა კალაძემ.
პროექტის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისთვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.