18 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ადვოკატ გოგა ონიანის საქმე - საქართველოში საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებიან

ადვოკატ გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. იურისტები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ბრალდებული გოგა ონიანის ადვოკატებსა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა პოლიტიკური დევნის ნიშნები იკვეთებოდეს.

„ისინი გაეცნენ საქმის მასალებს და აპირებენ, ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მისცენ ამ საქმეს. შესაბამისად, ნუ ექნება ნურავის იმედი, ნურც წულუკიანს, ნურც ივანიშვილს და ე.წ. მოსამართლეებს, რომლებმაც გაამწესეს გოგა ონიანი საპყრობილეში, რომ ეს საქმე მათ შერჩებათ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.

გოგა ონიანის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ უცხოელი მეგობრების დახმარება მნიშვნელოვანია.

„მკაფიოდ ჩანს, რომ გოგა ონიანი მისი საადვოკატო საქმიანობის და მისი პოლიტიკური აქტივობების გამო იქნა მრავალი წლით ციხეში ჩასმული,“ - ამბობს ბასილაია.

საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ედელ სინგი ამბობს, რომ გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით დასკვნის გამოქვეყნებას გეგმავენ.

„საქართველოში ჩამოვედით ადვოკატ გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ შევხვდით დაკავებულის ადვოკატებს, "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარესა და საქართველოს სახალხო დამცველს. ვაპირებთ, დეტალურად გავეცნოთ ამ საქმეს და გამოვაქვეყნოთ დასკვნა. ვფიქრობ, რომ საქმის დეტალებით საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდებიან,“ - აღნიშნა ედელ სინგიმ.

დღის ამბები