18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის საზოგადოებრივი წესით დანიშნულ ადვოკატს მოსამართლემ მოსამზადებლად ერთკვირიანი ვადა მისცა

გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, რომელზეც უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, საქართველოს ექსპრეზიდენტის საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატი გამოცხადდა. სოფიო გოგლიჩიძემ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს პროცესის ერთი თვით გადადების შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და მის შესასწავლად დრო სჭირდება. მისივე თქმით, ის თავად არ იცნობს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა შეეცდება მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს დაუკავშირდეს.

„ჯერ საქმესთან შეხება არ მაქვს, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ერთკვირიან ვადაში ჩავეტიო, რომ სრულყოფილად განვახორციელო დაცვა, მაგრამ თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას. ჯერ არ ვიცი როგორ დავგეგმავ, მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ შევეხმიანო მინიმუმ ოჯახის წევრს, ან ვინმე მის ახლობელს, რომელთანაც უნდა მქონდეს კომუნიკაცია,“-განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნა და გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესზე პროკურორმა განმარტა, რომ ამ საქმის გასაცნობად ერთკვირიანი ვადაც საკმარისია.

„არ არის ეს შვიდი ტომი რეალურად, ეს არის გაცილებით ცოტა. ჩვენ 9 დისკი გვქონდა წარდგენილი, მაგრამ 9 დისკის გამოკვლევა მთლიანად არ მოხდა. მოხდა ფრაგმენტალური გამოკვლევა, სწორედ იმ სიუჟეტების იმ ბრიფინგების იმ ინტერვიუების, სადაც მიხეილ სააკაშვილი აფიქსირებდა თავის პოზიციას. ანუ 9 დისკი არ არის გამოსაკვლევი ახალი ადვოკატის მიერ. გამოსაკვლევია, დაახლოებით 2-საათიანი ვიდეო სიუჟეტები და დაახლოებით მასალა სამ ტომამდე,“-განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შემდეგი პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა. 

დღის ამბები