საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის წინააღმდეგ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ სარჩელის განხილვას განაგრძობს. მოსარჩელე საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს ასაჩივრებს. სასულიერო სამმართველოს განმარტებით მოქმედი წესით ქრისტიანული მიმდინარეობები, მათ შორის კათოლიკური, მართლმადიდებლური და გრიგორიანული მოხსენიებულია ცალ-ცალკე და შესაბამისად დამოუკიდებლად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მუსლიმი თემის მიმართ კი დამოკიდებულება განსხვავებულია. მათი განცხადებით, საქართველოში არსებობს ორი მუსლიმური მიმართულება შიიტური და სუნიტური, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული პრინციპები აქვთ, თუმცა კანონმდებლობა მათ ავალდებულებს ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ, რაც მოსარჩელის შეფასებით, დისკრიმინაციულია.
„ქრისტიანულ რელიგიებს მიკუთვნებული რელიგიები არის ცალ-ცალკე მიმდინარეობად მოხსენიებული. მაშინ როდესაც ისლამის ძირითადი ფრთა: შიიტობა და სუნიტობა არის გაერთიანებული ერთი სახელის ქვეშ. ჩვენ ვითხოვთ თუ კი სხვა რელიგიების მოხსენიება შიძლება დამოუკიდებლად რატომ არ შეიძლება სუნიტობა და შიიტობა იყოს ცალ -ცალკე. ამ მოთხოვნის მიზეზი არის ბოლო პერიოდში გამძაფრებული ვაჰაბისტობის შემთხვევები. ჩვენ გვინდა რომ ყველა მუსლიმური მიმდინარეობა ცალკე იყოს მოხსენიებული და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეწეროს არა ზოგადად ისლამს არამედ კონკრეტულ მიმდინარეობას,“-განაცხადაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარემ მირთაღი ასადოვმა.