18 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
აფგან მუხთარლის პროცესზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესვენება გამოცხადდა

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-საათიანი შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.

დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა, სადაც დაცვის მხარის მტკიცებით არაერთი წინააღმდეგობაა. დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობააც დააყენა თუმცა მოსამართლემ საქმე არ აიცილა. 

“იმის გამო, რომ არ იქნა სხდომაზე დაშვებული ჟურნალისტები და ამით ირღვეოდა ღიაობის და პროცესის გამჭვირვალობის პროცედურები, დააყენა დაცვის მხარემ შუამდგომლობა, რომ სწორედ ამის გამო მომხდარიყო მოსამართლის აცილება, მაგრამ მოსამართლემ არ აიცილა. დაიკითხა მესაზღვრე რომელიც აცხადებს, რომ აფგანმა საზღვრის უკანონო გადმოკვეთის დროს წინააღმდეგობა გაუწია მას და ფიზიკურად ზიანი განახორციელა მის მიმართ. დაკითხვის დროს აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარბაზის მეორე კარი იყო ღია და ყველა ის მოწმე, რომელიც შემდგომში უნდა ყოფილიყო დაკითხული უსმენდა ამ დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად მათი დაკითხვა არ შეიძლება და მტკიცებულების ძალა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაიზიარა“- განაცხადა ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელმა  რუსუდან მჭედლიშვილმა.

პროცესს ასევე ესწრებიან შეერთებული შტატების საელჩოს, სამოქალაქო სექტორისა და აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მუხთარლის ოჯახის წევრები. 

“პროცესზე აფგანი ძალიან მხნედ გამოიყურებოდა, ის ცდილობდა რეპლიკებით გამოეაშკარავებინა ყველა ის ტყუილი, რასაც პროკურორები და მათი მოწმეები ყვებოდნენ. პროცესზე მოწმეების დაკითხვისას ბევრი უზუსტობა იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის დაკვეთა,“ - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევას მამამ, ილგარ მუსტაფაევმა.

შეგახსენებთ, რომ მუხთარლის ბრალად ედება საზღვრის უკანონო კვეთა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

დღის ამბები