18 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"თვის ბოლოსთვის გვექნება სურათი სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით,"-სემეკის თავმჯდომარე

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებზე მსჯელობდნენ, რაც სატარიფო განხილვების წინ ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია. სწორედ ინვესტიციებია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის კურსთან ერთად, რაც ტარიფების ზრდას განაპირობებს ხოლმე. არაა გამორიცხული სემეკმა ტარიფის მომატებაზე უკვე წლის ბოლოს იმსჯელოს. დღევანდელი სხდომის ერთი ნაწილი, სადაც "ჯი ვი პი"-ს საინვესტიციო დანახარჯები უნდა განეხილათ, ორშაბათისთვის გადაიდო.

კომპანია „ჯი ვი პი"-ს წარმომადგენლის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, მიმდინარე ტარიფი დადგენილია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამის შემდეგ კი სემეკი ახალ ტარიფზე იმსჯელებს.

„2018 წლის პირველი იანვრიდან  ძალაში უნდა შევიდეს ახალი ტარიფი და ტარიფის გაანგარიშება, რომელიც ძალაში შევა მომდევნო წლიდან უშუალოდ სემეკის პრეროგატივაა და ცნობილი გახდება მიმდინარე თვის ბოლოს,“-განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კი აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით დეტალები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ბუნებრივია ყველა კომპანია ცდილობს, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი ეს არის ძალიან ბუნებრივი დამოკიდებულება კომპანიის მხრიდან. იმისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მოახდინოს მათი მოთხოვნების, მათი ხარჯების აუდიტი და დაიყვანოს ეს ხარჯები გონივრულ დონემდე. ელექტროენერგიის ტარიფის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიწყებთ განხილვებს. ხვალ უკვე გვაქვს პირველი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფის განხილვა. მომდევნო კვირასაც გაგრძელდება განხილვები უკვე  სხვა ჰიდროელექტრო სადგურებთან დაკავშირებით, თბოელექტრო სადგურებთან დაკავშირებით, ასევე ქსელურ კომპანიებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ჩვენ უკვე თვის ბოლოსთვის გვექნება სურათი სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით,“-განაცხადა ირინა მილორავამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები