საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ყველაზე ბევრი მომჩივანი საჯარო სამსახურებიდან გაშვებულ თანამშრომლებს შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს. კვლევის პერიოდში, რომელიც 3 წელს მოიცავდა, სამინისტროებიდან 321-მა მომჩივანმა სასამართლოს მიმართა, ყველა მათგანის მოტივი უკანონო გათავისუფლება იყო.
სამინისტროების გარდა სასამართლოებში სარჩელები შეჰქონდათ თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილ მოქალაქეებსაც. საერთო ჯამში კვლევის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკომპენსაციოდ გადახდილმა თანხამ 650 ათას ლარს გადააჭარბა. საია-მ კვლევა 2012-2015 წლების პერიოდზე ჩაატარა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, მათი ინტერესის ფოკუსი ძირითადად იყო ის თუ როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ ორგანოებს შეეძლოთ პირველივე ინსტანციის შემდეგ აღარ გაეგრძელებინათ დავა და გაცილებით მეტი ფინანსები დაეზოგათ.