ირაკლი თოფაძის პირველი კომენტარი კორუფციული სკანდალის და "ჰიუნდაისთან" კავშირების შესახებ. გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ, მას კომპანიის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი მონაცემებით მინდობილი პირი სარგებლობდა.
თოფაძემ „კურიერთან“ საუბრისას თავდაპირველად განაცხადა, რომ საერთოდ არ ახსოვს როდის გახდა „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თუმცა შემდეგ გაიხსენა, რომ „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიური თავმჯდომარეობა მეგობარმა, დავით გიორგობიანმა სთხოვა.
გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ, მას კომპანიის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი მონაცემებით მინდობილი პირი სარგებლობდა. მისი თქმით, მინდობილობა კომპანიის მფლობელს გადასცა, თუმცა არ ახსოვს როდის.
„გადავეცი დათო გიორგობიანს მინდობილობით, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ფიქტიურად ვიყავი, დასჭირდა დათო გიორგობიანს,“ - აცხადებს ირაკლი თოფაძე.
კითხვაზე, როდის დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი თოფაძე ამბობს, რომ არ იტყუება და მართლაც არ ახსოვს.
„არ მახსოვს, ხომ არ გატყუებთ? არ მახსოვს. რომ დავინიშნე მახსოვს, რაღაცაზე მოვაწერე ხელი,“ - აცხადებს თოფაძე.
რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერებს. თოფაძის განცხადებით, ტენდერების შესახებ მან ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგო.
გოგი თოფაძე კი ადასტურებს, რომ "ჰიუნდაის" დამფუძნებელი მისი ბიზნეს პარტნიორია, თუმცა კორუფციულ სკანდალთან კავშირს უარყოფს.
„ვერ გავიგე რა ხდება მანდ, ფაქტი ერთა, რომ არაფერი საერთო ჩვენ ამასთან არ გვაქვს. სააქციოს აქვს უფლება, რომ დანიშნოს გარე პირი თავმჯდომარედ. მაგრამ, 100% მანდ აქვს დათო გიორგობიანს,“ - აცხადებს გოგი თოფაძეს.
„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მმართველი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი თოფაძეა. მონაცემები ბოლოს 2017 წლის 5 სექტემბერს განახლდა.