18 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"სემეკში" სატარიფო განაცხადების განხილვა დაიწყო

"სემეკში" სატარიფო განაცხადების განხილვა დაიწყო. კომისია დღეს "ენგურის" და "ვარდნილჰესის" განაცხადებს განიხილავს, გადაწყვეტილებას კი "სემეკი" სავარაუდოდ, 19 დეკემბერს გამოაცხადებს. მოსახლეობა ახალ წლამდე ელოდება კომისიის გადაწყვეტილებას, გაიზრდება თუ არა დენისა და წყლის საფასური.

ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლების თქმით, წარმოებამ შესაძლოა რამდენიმე ერთეულით გაიზარდოს.

“იხილება "ენგურჰესის" ტარიფი, ვართ მოლოდინში, არ ვიცით მოიმატებს თუ დარჩება იგივე, რაც იყო. ჩვენი ხარჯებიდან გამომდინარე, რაღაც ერთი ორით უნდა გაიზარდოს, რომელიც არ უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ტარიფს, ჩვენი გათვლით,“ - განაცხადა "ენგურჰესის” ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის თქმით, როგორც კი მიიღებენ ისინი ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსს, მოხდება ტარიფების საბოლოო გაანგარიშება.

ენერგო ომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, წინასწარ რთულია თქმა, მოხდება თუ არა ტარიფის ზრდა.

“ყველა კომპონენტის დადგენა თავის მხრივ საბოლოო ჯამში აისახება ტარიფის ოდენობაზე. თუმცა, არსებობს ასევე ბალანსის ცნებაც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ერთმა კომპონენტმა მეორე ისე დააბალანსოს, რომ ერთის დადგენილი ოდენობა მეორეზე უარყოფითად არ აისახებოდეს. შესაბამისად, ჯერჯერობით არ ვიცით წარმოების ტარიფი, ამიტომ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ზრდას გამოიწვევს, არ შემიძლია,“ - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები