უკვე 2 წელია, ფოთის 15-მდე ქუჩა გადათხრილია, საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელი, დამნაშავე კომპანია კი, რომელმაც ფოთელები ასეთ მდგომარეობაში დატოვა, მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება.
აზერბაიჯანულმა კომპანიამ 2015 წელს 90-მილიონიანი ტენდერი მოიგო, ქუჩები გადათხარა და ისეთი პლასტმასის მილები ჩააწყო, რომლებმაც წნევას ვერ გაუძლეს და თავიდან გამოსაცვლელი შეიქმნა.
ფოთის ახალი მერი დამნაშავეს ინფრასტრუქტურის უწყებაში ეძებს და პირობას დებს, რომ რამდენიმე თვეში სიტუაცია გამოსწორდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზღვაო ქალაქის გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ცენტრალური ხელისუფლების ბრალია. მთავარი მიზეზი კი ტენდერში არაკვალიფიციურად შერჩეული კომპანია და გაფლანგული ფულია.
გაერთიანებული წყლის კომპანიაში კი ამბობენ, რომ უკვე ჰყავთ ახალ ტენდერში გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს 2 თვეში დაიწყებს. მანამდე კი, მთელი ზამთრის განმავლობაში ფოთელები ცენტრალურ ქუჩებზე იმისთვის, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან, განსაკუთრებული სიფრთხილით ივლიან.