18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ამის მიზეზად წესდებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, ეს ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ივანე პეტრიაშვილის, ინფორმაციით, მეორე ტური დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის შედგება.

„თავმჯდომარესთან დაკავშირებით შედგება მეორე ტური. მეორე ტურში გადის ორი საუკეთესო შედეგის  მქონე კანდიდატი. ჩვენ შემთხვევაში ესენი არიან ბატონი დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია. ბატონმა დავითმა მიიღო 1129 ხმა, ხოლო ბატონმა ლევანმა 635 ხმა. კრებაზე მონაწილეთა ნახევარზე მეტი ვერ დააგროვა ვერც ერთმა, აქედან გამომდინარე კომისიამ დანიშნა მეორე ტური,“ - განცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ჯანაშია, ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. მას მიაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები თავად იურისტებმა გააყალბეს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ პოზიციებს, რა პოზიციებიც დაფიქსირებულია შემაჯამებელ ოქმში. ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ამას. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, პირველ რიგში გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზედმეტი ბიულეტენებია აღმოჩენილი ყუთებში. ახლა აღმოჩნდა იმ რიცხვებით, რომლებიც ოქმში ვნახეთ, რომ, თურმე, უფრო მეტი ბიულეტენი გაცემულა, ვიდრე კრებაზე გამოცხადდა და მერე კიდევ ხელახლა გადაითვალა,“ - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

დღის ამბები