„ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლო კანონმდებლობა იმიტომ, რომ ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლის ინტერესებს,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ გააკეთა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა.
იურისტის განცხადებით, ცვლილებები კერძო მედიასექტორში რყევებს გამოიწვევს.
„ამ კანონმდებლობით, როგორც იცით, კერძო მაუწყებლებს უკვე, ფაქტობრივად, თავიანთი წილი სარეკლამო შემოსავალი დააკლდებათ იმის გამო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა უფლება, რომ კომერციული საქმიანობა დამატებით აწარმოოს. ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლო კანონმდებლობა იმიტომ, რომ ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლის ინტერესებს, რაც გამოიწვევს რყევებს კერძო მედიასექტორში. განსაკუთრებით ეს შეეხება პატარა მედიებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს აისახება მთლიანად სამაუწყებლო ბაზარზე და იმ ბაზარზე, რომლის მონაწილეც არის რუსთავი2. ამიტომ ჩვენთვის არის ეს პრინციპული საკითხი და პრინციპის დონეზე ვეწინააღმდეგებით ამ კანონმდებლობას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
კანონპროექტში წერია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, დღის განმავლობაში კომერციული რეკლამა განათავსოს.