18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
არ შეიძლება ძალადობის დაშვება, ამიტომ ხალხს მოვუწოდე, რომ წამოვსულიყავით - დაპირისპირება ეროვნულ გვარდიასა და აქციის მონაწილეებს შორის

აქცია კიევის ცენტრში დასრულებულია. მსვლელობა შევჩენკოს მოედანზე დაიწყო. რამდენიმესაათიან აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც. 

მომიტინგეებმა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შესვლა სცადეს, რომელიც დემონსტრაციაზე მიხეილ სააკაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შტაბად დაასახელა. შენობაში შესვლის უფლება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, მომიტინგეებს ეროვნულმა გვარდიამ არ მისცა. შეკრებილების წინააღმდეგ მათ ცეცხლმაქრებიც გამოიყენეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. 

აქციის მონაწილეებმა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის შესასვლელი მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მომიტინგეებს უთხრა, რომ დაგეგმილი იყო გარკვეული პროვოკაციები და ამიტომ უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორია.

„მცდელობა იყო პროვოკაციის და ძალადობის და ჩვენი გზა არ არის ძალადობრივი. არ შეიძლება ძალადობის დაშვება. ამიტომ მე ხალხს მოვუწოდე, რომ წამოვსულიყავით იქიდან და ვუთხარი, რომ არასოდეს ჩვენ არანაირ შეტაკებაში მონაწილეობას არ ვიღებთ და წერტილი. ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩემი პრინციპი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მოგვიანებით აქცია დამოუკიდებლობის მოედანზე გაგრძელდა, სადაც მხარდამჭერებს სიტყვით ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მომიტინგეებს და აღნიშნა, რომ სწორედ მათი დამსახურებით დგას ახლა ის სცენაზე და არ ზის ციხეში, როგორც ეს სურდა პოროშენკოს.

მან ასევე ისაუბრა რუსულ კვალზე და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია, რომელიც მის დასაკავებლად ჩატარდა, რუსული ფე-ეს-ბე-სგან იყო მართული.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, მან პოროშენკოსთან მოილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, ერთადერთი, რაზეც ის პოროშენკოსთან მოილაპარაკებს, ეს მისი გადადგომა იქნება.

დღის ამბები