18 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი - მედია კომპანიები და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს ხვდებიან

ყველა მედია კომპანია, ერთის - საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოკლებით, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორთან ერთად ხვდება და სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საკუთარ შენიშვნებს აცნობს. დოკუმენტი უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს 2 მოსმენით.

იმ შემთხვევაში თუ ის საბოლოოდ იქცა კანონად, კერძო ტელეკომპანიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი თამთა მურადაშვილი იმედოვნებს, რომ მათ არგუმენტებს პრეზიდენტი მოისმენს და ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტის დასაბლოკად, რათა არ შევიდეს ის ძალაში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მოისმენს ჩვენს არგუმენტებს და საბოლოო ჯამში გამოიყენებს ვეტოს. დარგობრივმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო, ეს მე მგონი პირველი შემთხვევაა, ამიტომ ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ კანონპროექტზე გარდა თვითონ უმრავლესობის, ყველა მედია აბსოლუტურად ყველა ტელეკომპანია და სამოქალაქო სექტორიც თანხმდებიან, რომ ეს კანონპროექტი არის ძალიან ცუდი,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ბევრი შეცდომაა.

„ეს არასწორია არც კომერციულ არხებთან დაკავშირებით, არც სახელმწიფოებრივად რომ მივუდგეთ, ამ თვალსაზრისითაც არასწორია. ბევრი შეცდომაა ამ კანონში და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც დაადებს ვეტოს და ტელევიზიებიც უფრო ხმამაღალი იქნებიან,“ - განაცხადა ტუღუშმა.

განცხადება გააკეთა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ სარეკლამო ბაზრის შემცირებას ქვეყანაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კერძო მაუწყებლებს უწევთ ბრძოლა არსებობისთვის, განსაკუთრებით იმ მაუწყებლებს, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ და არ არიან ასოცირებული სახელისუფლებო ჯგუფებთან, ასეთ პირობებში, რეკლამის დროის გაზრდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის წაართმევს არსებობის რესურსს კერძო მაუწყებლებს,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

დღის ამბები