ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყება მოწმეების დაკითხვას აგრძელებს. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის სამმართველოში 51-ე სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ამასთან, დღესვე შესაძლოა ცნობილი გახდეს ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარზე ჩატარებული ექპერტიზის შედეგები.
დაკითხვიდან გამოსული მოზარდები მედიასთან არ კონტაქტობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი განმარტავს, რომ გამოძიების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს არაერთი არასრულწლოვანის დაბარება გამოკითხვაზე.
„ამ ეტაპზე, ერთადერთი რაც ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, გარდა იმისა რაც უკვე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, გარკვეული პირები პასუხისგებაში არიან მიცემული, აღკვეთის ღონისძიება აქვთ შეფარდებული ანუ გარკვეულ პირთა ბრალეულობა გამოკვეთილია უკვე. გამოძიება გრძელდება და ამ გამოძიების ფარგლებში არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებით მოხდეს ისევე როგორც სხვა არასრუწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ასევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირება 2 მოსწავლის გარდაცვალებით დასრულდა.