საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. წარმომადგენლები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც კანონს დამტკციების შეთხვევაში, მას თან ახლავს.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ პარლამენტმა კანონი მოსმენაზე უნდა დააბრუნოს, რითაც კანონპროექტის შინაარსის ცვლილება იქნება შესაძლებელი.
„თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, თუ პარლამენტი დაძლევს შემდგომში ამ ვეტოს და ეს კანონპროექტი შევა ძალაში და იქნება კანონი, ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. არსებობს ძალიან ბევრი ტრიბუნა, არის სხვა საშუალებები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც შეიძლება რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე დავა მათ შორის,“ - აცხადებს "საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს გუშინ შეხვდნენ და კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები წარუდგინეს. მათი განცხადებით, კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს მაუწყებლებს და კორუფციის საფრთხეს ქმნის. ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს ელიან.
„სარეკლამო შემოსავლების გაზრდა უარყოფითად აისახება განსაკუთრებით პატარა მაუწყებლებზე. თუკი პარლამენტარებს ექნებათ რაიმე სურვილი, რომ ჩვენი მოსაზრებები მოისმინონ, მზად ვართ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტები, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ რა რისკებს შეიცავს ეს კანონი, მივაწოდოთ მათ,“ - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.