რუსთავში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
"საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო," - ნათქვამია განცხადებაში.