18 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ტარიფზე მსჯელობს

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამ წუთებში ელექტროენერგიის ტარიფზე მსჯელობს. დღევანდელ სხდომაზე თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების საფასურს განიხილავენ, სამომხმარებლო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებას კი, წლის ბოლო სხდომაზე - 25 დეკემბერს მიიღებენ.

"სემეკმა" უკვე მიიღო გადაწყვეტილება სამ თბოელექტროსადგურთან დაკავშირებით. ორ თბოელექტროსადგურს შეუმცირდა, ერთს კი გაუძვირდა ტარიფი. თუმცა "სემეკში" აცხადებენ, რომ ცვლილება მინიმალურია და ის სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს.

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ტარიფის მცირედით გაზრდას არ გამორიცხავს.

„საინვესტიციო გეგმის თანახმად, რომელიც უკვე შეათანხმა "სემეკმა", ველოდებით, რომ მცირედით გაიზრდება ჩვენი ტარიფი. რეაბილიტაციაზეა საჭირო თანხები. ჩვენ ველოდებით, რომ 1.75 – ერთი და რვამდე შეიძლება გაიზარდოს,“ - აცხადებს ლევან მებონია.

ტარიფის გაძვირებას არ ელოდება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ხელმძღვანელის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ტარიფები მიბმულია დოლარის კურსზე და გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში კურსი შედარებით დასტაბილურდა, ცვლილება მნიშვნელოვანი  არ იქნება.

„თბოელექტროსადგურის ტარიფი ძალიან მგრძნობიარეა გაცვლით კურსზე, რადგან ჩვენ ვყიდულობთ გაზს, რომელიც შემდეგ უნდა მოვიხმაროთ ელექტროენერგიის საწარმოებლად. ეს ტარიფი მიბმულია პირდაპირ ცვლად ხარჯზე, რომელიც მიბმულია გაზის ფასზე და გაზის ფასი არის მგრძნობიარე გაცვლით კურსზე, გაცვლითი კურსი დღეს დასტაბილურდა. აქედან გამომდინარე, ტარიფში განსაკუთრებულ ცვლილებას ჩვენ არ ველოდებით,“ -განაცხადა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ "სემეკს" მიმართავს, გადახედოს ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიას. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით საჭიროა ტარიფის დადგენა მყისიერად კურსის ცვალებადობის მიხედვით.

დღის ამბები