18 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
რამდენიმე თბო და ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების საფასური გაეზარდა

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფზე მსჯელობა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების საფასურს განიხილავდნენ, სამომხმარებლო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებას კი, წლის ბოლო სხდომაზე 25 დეკემბერს მიიღებენ.

"სემეკმა" გადაწყვეტილება მიიღო 4 თბოელექტროსადგურსა და 2 ჰიდროელექტრო სადგურთან დაკავშირებით. 4 თბოელექტროსადგურიდან, 2-ს შეუმცირდა ელექტრო ენერგიის წარმოების ტარიფი, 2-ს გაეზარდა. ასევე ფასები მოემატა ჰიდროელექტრო სადგურებსაც.

თავად კომპანიებში ამბობენ, რომ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ.

„კარგი რაც დღეს მოვისმინეთ არის, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გამოთქვა მზაობა, რომ დისკუსია დაიწყოს სწორედ გადათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე იმისთვის, რომ უფრო ადეკვატურად ხდებოდეს ტარიფების დადგენა,“ - განაცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძემ.

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია კი ამბობს, რომ ტარიფები რომელიც განისაზღვრა ჰიდროელექტროსადგურისთვის, უზრუნველყოფს ჰესის გამართულ მუშაობას.

„ობიექტური ტარიფია, რაც ზუსტად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას. ამ ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა, დასახული მიზნების განხორციელება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ჰესის გამართულ მუშაობას,“ - განაცხადა ლევან მებონიამ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები