რუსთავში გაჩენილი ხანძრის ადგილზე, დამწვარი სახლის ტერიტორიაზე, სპეციალისტებს მუშაობა არ დაუსრულებიათ. პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები ისევ რჩებიან მეგობრობის 3 ნომერში და მუშაობას აგრძელებენ.
მომხდარი ფაქტის თვითმხილველები ყვებიან, რომ სახანძრო ბრიგადას, რომელიც ადგილზე პირველი მივიდა, შესაბამისი აღჭურვილობა და კიბე არ ჰქონდა და მათი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია დროულად ვერ მოხდა.
მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სახანძრო ბრიგადის დამატებითი ძალები მივიდნენ ადგილზე.
„ხალხი ყვიროდა გვიშველეთო. მეორე სართულზე, ვისაც ბევრი ბავშვები ყავს, ის ყვიროდა დროზე კიბე მოიტანეთ, ბავშვებს არაფერი არ დაემართოთ. პირველს არ ჰქონდა, არც წყალი, არც კიბე, რატომ მოდიოდნენ საერთოდ. მეორე გვიან მოვიდა. პირველი რომ მოვედი უკვე იყო, მაგრამ ის გინდ ყოფილა გინდ არა,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
რუსთავის სახანძრო სამსახურის უფროსი გიორგი ჩარკვიანი უარყოფს თვითმხილველი მეზობლების ინფორმაციას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადამ დაიგვიანა და მათ სპეციალური აღჭურვილობა არ ქონდათ.
„5 ეკიპაჟი მოვიდა ფაქტობრივად, ერთდროულად. რეაგირების დრო იყო 6 წუთი. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებიდან ადგილზე მოსასვლელად. მაგრამ, აქ გასათვალისწინებელია ორი უმთავრესი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისა, რაც ართულებდა რეაგირების პროცესს, მათ შორის ხალხის ევაკუაციას. პირველი მიზეზი იყო ის, რომ საცხოვრებელი კორპუსის ცალი მხარე მთლიან პერიმეტრზე გადაკეტილია მოსახლეობის მიერ სხვადასხვა დროს, უნებართვო ნაკვეთებით და სახანძრო მანქანებისთვის მიუდგომელია შენობის ცალი მხარე,“ - აცხადებს გიორგი ჩარკვიანი.
რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც სიმაღლიდან გადახტა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს რუსთავში. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით ინტოქსიკაციის გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი რამდენიმე დაზარალებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისინი ამ დროისთვის უკვე სახლში არიან გაწერილები.