რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა კონსტანტინე მუმლაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარების გაუმჯობესების დინამიკა დადებითია.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში არის დამაკმაყოფილებელი, დადებითი დინამიკით არის, მან აღიდგინა სპონტანური სუნთქვა, მოხსნილია ხელოვნური სუნთქვიდან. ჰერმოდინამიკური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. დინამიკა მკვეთრად დადებითია,“ - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის, გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან მოხდა, სადაც დაზარალებული სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მივიდა. დაპირისპირების შესაძლო მოტივი ჯერ ჯერობით უცნობია, გამოძიებას მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებია.