დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესვლას და კონკრეტულ პასუხს დედაქალაქის მერიისგან, ამხანაგობის წევრები ითხოვდნენ. 100-მდე ოჯახის წარმომადგენელი, საპროტესტო აქციაზე დღეს მერიის შენობასთან შეიკრიბა.
უკვე 10 წელია ისინი კორპუსის ასაშენებლად, სამშენებლო ნებართვას ითხოვენ, თუმცა შესაბამისი სამსახურები მათ მუდმივად, პროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ.
მათი გამოსწორების შემდეგ კი, წერილებში ახალი მოთხოვნები ჩნდება. ბოლო ასეთი პასუხი აქციის მონაწილეებმა გუშინ მიიღეს, სადაც არქიტექტურის სამსახური იმ ხარვეზის გამოსწორებას ითხოვს, რომელიც სექტემბერში უკვე შეცვალეს.
„მერიასთან და შესაბამის სამსახურთან თხოვნა გვაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ჩვენ არ ვითხოვთ ახალ პროექტს. გვესმის ახალი სამსახურის მიერ მაღალი სახლის მშენებლობა სპორტის სასახლის უკან, ისედაც გადატვირთულ რეგიონში, კიდევ დაემატება, მაგრამ ეს არის ძველი პროექტი, ხალხი არის გაწევრიანებული,“ - განაცხადა ამხანაგობის წარმომადგენელმა შუქრი კაკაურიძემ.
ამხანაგობის წევრებთან შესახვედრად აქციაზე არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.
„ნებართვას ვადა აქვს გასული და ხდება პროექტის კორექტირება და ხელახლა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული განაცხადი და კანონმდებლობის სრული დაცვით მოვთხოვეთ ის დოკუმენტი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი საწყის ეტაპზე, როდესაც იყო წარმოდგენილი პროექტი. კონკრეტულად, მიწის ნაკვეთზე განთავსების და მისი მაქსიმალური სიმაღლის განმსაზღვრელი სქემა. რისი წარმოდგენის შემთხვევაშიც, ჩვენ ხელახლა ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე,“ - აცხადებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი.