17 წლის მოზარდის საქმეზე, რომელმაც თვითდაზიანებები სანადირო თოფით მიიყენა, ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში გამომძიებლები და სოციალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ სკოლის პედაგოგები დაკითხეს.
მოზარდის კლასის დამრიგებლის ნინო ფუტკარაძის განცხადებით, გაზაფხულზე ბავშვის სხეულზე ნაკაწრები პირველად თავად შენიშნა და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტოს წარმომადგენლებს მიმართა.
თვითმკვლელობის მცდელობა სავარაუდოდ, სასიკვდილო ინტერნეტთამაშს უკავშირდება.
„საგაკვეთილო პროცესში შევამჩნიე ხელზე რაღაც ნაკაწრი. ინტერნეტით მქონდა გაგებული რაღაც თამაშის შესახებ, ტელევიზიითაც მოვისმინე და ამის გამო გადავამოწმე. ჩავედი დირექტორთან და ვუთხარი ასეთი რაღაც შევამჩნიე მეთქი. შევატყობინეთ შესაბამის უწყებებს, მოვიდნენ ფსიქოლოგები გაესაუბრნენ, მოვიდა პოლიცია და მიმდინარეობდა გამოძიება. საბოლოოდ ერთი თვის განმავლობაში უნდა ემუშავათ ბავშვთან. სექტემბრის დასაწყისში რამდენჯერმე გამოცხადდა ბავშვი სკოლაში, შემდეგ მამის განცხადების საფუძველზე, 27 ოქტომბერს დატოვა სკოლა,“ - აცხადებს კლასის დამრიგებელი ნინო ფუტკარაძე.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ კრიტიკულია, ის ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.