19 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - პოლიციის პოლკოვნიკს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ტერიტორიაზე კრიმინალური, საპატრულო და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ზვიად ფიცხელაურს სავარაუდოდ დანა 7-ჯერ აქვს ჩარტყმული. დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის პოლკოვნიკს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ განმარტებას მომხდარის შესახებ ჯერ არ აკეთებს. უცნობია, ვისთან მოუვიდა კონფლიქტი პოლიციელს, დაცვის პოლიციის ავტოსადგომზე.

„აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, აღმოჩნდა ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ფაქტიურად სამ ადგილზე. ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად. გადმოყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის ნაკვეთი ჭრილობა და კერძოდ რითია მიყენებული, ამას მე ვერ გეტყვით,“ - განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გეგაშვილმა.

დღის ამბები