18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.

ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. 

”მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 საიგის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე სითხე და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”, - განაცხადა ჭელიძემ. 

მისი თქმით, საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას.

”გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შს სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში. კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას,” - აცხადებენ სამინისტროში. 

დღის ამბები