18 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
საჯარო ბაგა-ბაღები შესაძლოა, ფასიანი გახდეს - პრემიერის ინიციატივას თვითმმართველი ორგანოსა და უმრავლესობის წევრები აფასებენ

„უფრო შესაძლებელს გახდის, რომ, პირველ რიგში, ამ ძალიან კარგი სერვისით ისარგებლონ იმ ოჯახებმა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს სერვისი და შემდეგ ნელ-ნელა მოხდება ეტაპობრივად დაკმაყოფილება სხვა მოთხოვნებისაც,“ - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პრემიერის ინიციატივას, რომლის მიხედვით, საჯარო ბაგა-ბაღები გარკვეული კატეგორიის ოჯახებისთვის შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ამაზე იმსჯელებენ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერის განცხადების მიზანი განსხვავებულად აღიქვა საზოგადოებამ.

„პრემიერმინისტრი გულისხმობდა, რომ ბაგა-ბაღები სწორედაც, რომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არცერთ ოჯახს არ ჰქონდეს ბარიერი იმისა, რომ ბაღში მიიყვანოს ბავშვი,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

პარლამენტში ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს კონსულტანტი, თემურ თორდინავა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების ფასიანად გახდომასთან დაკავშირებით კონცეფცია არ არსებობს.

„მთავარი ამოცანა არის მაღალი, მიღებული სტანდარტების დანერგვა საჯარო საბავშვო ბაღებში და ამავდროულად, ამ სტანდარტების დანერგვას სჭირდება გარკვეული პერიოდი,“ - განაცხადა თორდინავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური კი საჯარო ბაგა-ბაღების საქმიანობაში უწყების ჩარევას მხოლოდ საგანმანათლებლო რესურსების და ტრენინგ-მოდულების თანაბარ მიწოდებაში ხედავს.

დღის ამბები