18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
სიცოცხლით თამაში - საშიში ინტერნეტთამაშის დეტალები "კურიერს" გაუმხილეს

არასრულწლოვნებმა კურიერს საშიში ინტერნეტთამაშის დეტალები გაუმხილეს. ირკვევა, რომ საქართველოში ინტერნეტით ხდება სკოლის მოსწავლეების იძულება. არასრულწლოვნებს 50 დღის განმავლობაში აძლევენ სხვადასხვა სირთულის დავალებას, ბოლოს კი ეუბნებიან, რომ თავი უნდა მოიკლან.

არასრულწლოვნების თქმით, „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ მათივე მეგობრისგან შეიტყვეს, რომელიც ამ თამაშის შედეგად რამდენიმე დღეა, რეანიმაციაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის. მან თვითდაზიანება სანადირო თოფით მიიყენა.

ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ბასრი საგნით ხელზე მიყენებული ჭრილობები თვითმკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე შეამჩნიეს. კლასის დამრიგებელმა დირექტორს აცნობა. დირექტორმა პოლიციას. მაშინ მოზარდმა აღიარა რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. სკოლის რეაგირების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ჭრილობები ხელზე მოზარდს გაზაფხულზე შეამჩნიეს. მერე სკოლაში არდადეგები დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე კი 17 წლის ბიჭმა სკოლას თავი დაანება.

17 წლის ბიჭის საშიში გატაცების შესახებ იცოდა ოჯახმა. მის ბიძას ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა. ამბობს, რომ ყველაფერი პოლიციას უკვე მოუყვა. მოზარდის ბაბუა კი დარწმუნებულია, რომ მისი შვილიშვილის გადაწყვეტილებაზე სწორედ "ლურჯმა ვეშაპმა" იმოქმედა. 

დღის ამბები