ცაბაძის ქუჩაზე, სადაც ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახანძრო - სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე არიან მობილიზებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფს ელოდებიან.
ადგილობრივები ხანძრის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან ან ელექტროენერგიისგან გაჩნდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი არ იყო შეყვანილი, შესაბამისად, ხანძარი გაზის გაჟონვის შედეგად ვერ გაჩნდებოდა.
ცაბაძის 9 ნომერში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულზე დამწვრობა აღენიშნებათ.
უბედური შემთხვევა გვიან ღამით ცაბაძის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. უსაფრთხოების მიზნით, საგანაგებო სიტუციათა სამსახურის წარმომადგენლებმა, შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დრომდე უცნობია. დაშავებულები და გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი