21 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა - გარდაცვლილია მათი ოჯახის 2 წევრი

ცაბაძის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს 2 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს კი, ექსპერტებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები სწავლობენ.

ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი გვიან ღამით, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. მსხვერპლთან ერთად, არიან დაშავებულებიც, რომლებიც იმავე ოჯახის წევრები არიან და რომელთა გამოყვანა ცეცხლმოდებული ბინიდან დროულად მოხერხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გვიან ღამით ცეცხლი შენობასთან მდგომმა მოქალაქეებმა შენიშნეს.

ადგილობრივების თქმით, სწორედ მათ შეამტვრიეს საცხოვრებელი სახლის კარი, შემდეგ კი, სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

ადგილზე იმყოფება დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა. მისი თქმით, ზარალის შესწავლის შემდეგ, გამგეობა მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.

„მიმდინარეობს ადგილზე სიტუაციის შესწავლა, დიდუბის რაიონის გამგეობა იმოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აუცილებლად დავუდგებით ჩვენს მოსახლეობას გვერდით. მიმდინარეობს გამორკვევა თუ რა მდგომარეობაშია ბინები, ამიტომ წინასწარ არაფრის თქმა არ არის ჯერჯერობით შესაძლებელი,“ - განაცხადა ზურაბ უგულავამ.

ამ დრომდე რთულია დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულ ქალბატონს სხეულის 40% აქვს დამწვარი, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს შედარებით მსუბუქი დამწვრობა აქვს. მას სხეულის 20% დაუზიანდა.

„ორი პაციენტია შემოსული გამთენიისას, დედა - შვილი. ქალბატონი არის 59 წლის, სხეულის დამწვრობა აქვს 40%, ზემო და ქვემო კიდურები და თავის მიდამო, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება და მისი ვაჟი არის 29 წლის, 20% აქვს დამწვარი - ზემო კიდურები და ზურგის მიდამო. აქაც სასუნთქი გზები, დამწვრობითი შოკი აღენიშნება. ორივე მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დიაგნოზი საშიში და სერიოზულია,“ - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები