18 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
კორუფციის რისკები, გამარტივებული შესყიდვები და ბიუჯეტიდან გახარჯული 3 მილიარდი ლარი - "გამჭვირვალობის" კვლევა 

3 მილიარდი ლარი - ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 წელიწადნახევრის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სპეციალური კვლევაც მოამზადა, სადაც ტენდერების თემა დეტალურად არის შესწავლილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია გამარტივებული შესყიდვების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესყიდვების სისტემაში კორუფციის რისკები არსებობს. მათივე თქმით, არ არსებობს ეფექტური მექანიზმები, რომლებიც ამ რისკებს გაუმკლავდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პრობლემად სახელმწიფო სამსახურების მიერ შესყიდვების შეუსაბამო დაგეგმვაზეც საუბრობს, რის გამოც მათვე განცხადებით, ხშირ შემთხვევაში კონტრაქტები ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით ფორმდება.

„გამარტივებული შესყიდვების წილი არის მაღალი და წლების განმავლობაში ეს პროცენტი იზრდება. დღეის მდგომარეობით ეს უკვე არის 37% და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე ჩვენ შეგვხვდა ფაქტები, როდესაც ახალ დაფუძნებულ კომპანიებს აძლევენ კონტრაქტებს და ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემატური. ზოგ შემთხვევაში, ეს კომპანიები ვერ ასრულებენ ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს და ზოგ შემთხვევაში გვაქვს, როდესაც ტენდერი გამოცხადებულია და ამის შემდეგ ფუძნდება კომპანია და შემდეგ იგი იღებს კონტრაქტს სახელმწიფოსგან, რაც არის პრობლემა,"-განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი კი, ყურადღებას „ქართული ოცნების“ შემომწირველ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ამახვილებს. ნატროშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას თანხა დაახლოებით 150-მა კომპანიამ შესწირა, საერთო ჯამში კი შემომწირველმა კომპანიებმა დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს.

„ეს რა თქმა უნდა პირდაპირ არ ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის გარიგება იყო და მათ შეწირეს და შემდეგ კონტრაქტები მიიღეს, ამის მტკიცება რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ეჭვები და გარკვეული კითხვები ჩნდება ამ რიცხვებთან მიმართებაში, ამ კომპანიებთან და ამ პირებთან მიმართებაში,“ - აცხადებს ნატროშვილი.

დღის ამბები