"სემეკის" დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ელექტრო სისტემისათვის დენის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფი გაიზარდა. დღესვე მარეგულირებელმა ტარიფები დაუდგინა „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ 5 ჰიდრო სადგურს.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ დადგინდეს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი, თუმცა გაიზარდება თუ არა მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგიის საფასური, ამას "სემეკში" ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.
„გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა მცირედით. და ამ გაზრდის ძირითადი მოტივი არის ის განსახორციელებელი ინვესტიციები, რომელიც წარმოადგინა ამ კომპანიამ და რომელიც სამი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 600 მილიონ ლარამდე. ეს ტარიფები იმოქმედებს სამი წლის განმავლობაში და იქნება უცვლელი. რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფ გენერაციის სადგურებს, მათთან მიმართებაში ნაწილთან გაიზარდა, ხოლო ერთ სადგურთან მიმართებაში შემცირდა, თუმცა ზრდა დაფიქსირდა ძალიან მცირე რაოდენობით და შესაბამისად, ამის შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ ზოგადად გამანაწილებელი კომპანიების შესყიდვის კომპონენტზე,“ - განაცხადა მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი